ოქრო · სინჯი · გზამკვლევი

585, 750 თუ 999.9 — რიცხვი ოქროზე გეუბნებათ, რამდენი სუფთა ოქროა მასში. აქ ნახავთ სინჯების ცხრილს, 1 გრამის ფასის გამოთვლის ფორმულას და იმას, რატომ ყიდულობენ ინვესტორები 999.9-ს.

ოქროს სინჯი გვიჩვენებს, რამდენი სუფთა ოქროა შენადნობის 1000 ნაწილში. 585 სინჯის 1 გრამში 0.585 გრამი სუფთა ოქროა, 750-ში — 0.75 გრამი, 999.9-ში კი თითქმის მთლიანად სუფთა ოქრო. ამიტომ 585 სინჯის გრამი ლითონის ღირებულებით 999.9-ზე დაახლოებით 41%-ით იაფია.

01რა არის სინჯი და კარატი

სინჯი ოქროს სისუფთავეს 1000-ბალიანი სისტემით ზომავს, კარატი — 24-ბალიანით. 24 კარატი სუფთა ოქროა. 18 კარატი = 18 ÷ 24 = 750 სინჯი, 14 კარატი = 583 ან 585 სინჯი.

დარჩენილი ნაწილი სხვა ლითონებია — სპილენძი, ვერცხლი, პალადიუმი. ისინი სამკაულს სიმტკიცესა და ფერს აძლევს.

02სინჯების ცხრილი

სინჯიკარატისუფთა ოქრო 1 გ-შისად გვხვდებალითონის ღირებულება 1 გ*
3759K0.375 გიაფი სამკაული≈ 127.5 ₾
58314K0.583 გსაბჭოთა პერიოდის სამკაული≈ 198.2 ₾
58514K0.585 გსამკაული≈ 198.9 ₾
75018K0.75 გძვირადღირებული სამკაული≈ 255.0 ₾
90021.6K0.9 გისტორიული მონეტები (ნიკოლოზ II, Double Eagle)≈ 306.0 ₾
916.722K0.917 გKrugerrand, American Eagle, Sovereign≈ 311.7 ₾
999.924K0.9999 გსაინვესტიციო ზოდები, Maple Leaf, Britannia, Kangaroo340 ₾

*მაგალითისთვის 999.9 სინჯის 1 გრამი 340 ₾-ად ავიღეთ. დღევანდელი ფასი ყოველ 10 წამში ახლდება ოქროს ფასის გვერდზე.

03როგორ გამოვთვალოთ 1 გრამის ფასი

1 გრამის ფასი = 999.9 სინჯის 1 გრამის ფასი × სინჯი ÷ 1000

მაგალითი: 340 × 585 ÷ 1000 ≈ 198.9 ₾

თუ 999.9 სინჯის გრამი 340 ₾ ღირს, 585 სინჯის გრამის ლითონის ღირებულება დაახლოებით 198.9 ₾ იქნება. 10-გრამიან 585 სინჯის ბეჭედში 5.85 გ სუფთა ოქროა — დაახლოებით 1,989 ₾-ის ლითონი.

გაითვალისწინეთ: ეს მხოლოდ ლითონის ღირებულებაა. სამკაული მაღაზიაში უფრო ძვირი ღირს, რადგან ფასში შედის ოსტატის შრომა და დიზაინი. გაყიდვისას კი, როგორც წესი, მხოლოდ ლითონს აფასებენ — ხშირად მასზე ნაკლებადაც.

04რატომ ირჩევენ ინვესტორები 999.9 სინჯს

  • ფულს ლითონში იხდით და არა დიზაინში. 999.9 ნიშნავს 99.99% სუფთა ოქროს.
  • ფასი ბაზარს მიჰყვება. საინვესტიციო ზოდის ფასი მსოფლიო ბირჟის ფასზეა მიბმული. რაც უფრო დიდია ზოდი, მით ნაკლებია პრემიუმი — ამიტომ დიდი ზოდები ინვესტიციისთვის უფრო ხელსაყრელია.
  • ცნობადი მწარმოებლები. Valcambi, PAMP, Argor-Heraeus, C. Hafner — მათ ზოდებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იცნობენ.
  • ყველაფერი ზოდზე წერია. წონა, სინჯი, მწარმოებელი და სერიული ნომერი; მცირე ზოდები სერტიფიკატიან ბარათშია შეფუთული.

05მონეტები: 916.7 სინჯი ნაკლებ ოქროს ნიშნავს?

არა. Krugerrand-ის სინჯი 916.7-ია (22 კარატი), მაგრამ მონეტა დაახლოებით 33.93 გრამს იწონის და მასში ზუსტად 1 უნცია — 31.10 გ სუფთა ოქროა. Maple Leaf 999.9 სინჯისაა და იმავე 31.10 გრამს შეიცავს. ორივეში სუფთა ოქრო ერთნაირია; Krugerrand-ს დამატებული სპილენძი ნაკაწრებისგან უკეთ იცავს.

ისტორიული მონეტები ხშირად 900 სინჯისაა. მაგალითად, ნიკოლოზ II-ის 10-რუბლიანი 8.6 გრამს იწონის და 7.74 გ სუფთა ოქროს შეიცავს. ასეთ მონეტას ისტორიული ღირებულებაც აქვს, ამიტომ მისი ფასი მხოლოდ ლითონით არ განისაზღვრება.

მთავარი წესი: მონეტების შედარებისას უყურეთ სუფთა ოქროს წონას და არა მხოლოდ სინჯს.

06როგორ შევამოწმოთ სინჯი ყიდვისას

  1. დაღი. სამკაულზე სინჯი რიცხვითაა დატანილი (585, 750). ზოდზე უნდა ეწეროს წონა, სინჯი (999.9), მწარმოებელი და სერიული ნომერი.
  2. დოკუმენტი. მოითხოვეთ ქვითარი ან სერტიფიკატი, სადაც სინჯი და წონაა მითითებული.
  3. გამყიდველი. ხელიდან ნაყიდი ოქროს შემოწმება რთულია — იყიდეთ მაღაზიაში, რომელიც ზოდის მწარმოებელსა და წარმოშობას ასახელებს.
  4. ფასი. თუ 999.9 ოქრო ბაზრის ფასზე შესამჩნევად იაფია, ეს საეჭვოა.

07ხშირი კითხვები

რა განსხვავებაა 583 და 585 სინჯს შორის?

ორივე 14 კარატია. 583 საბჭოთა სტანდარტი იყო (14 ÷ 24 = 58.3%), 585 — საერთაშორისო. სხვაობა 0.2%-ია: 340 ₾-იანი ფასის დროს გრამზე დაახლოებით 0.7 ₾.

რამდენი ღირს 1 გრამი 750 სინჯის ოქრო?

999.9 სინჯის გრამის ფასის 75%. 340 ₾-ის დროს — დაახლოებით 255 ₾ (ლითონის ღირებულება).

რა არის „ბაჯაღლო“?

ხალხში ასე უწოდებენ სუფთა, მაღალი სინჯის ოქროს. საინვესტიციო ოქროსთვის ეს 999.9 სინჯია.

თეთრი ოქრო რა სინჯისაა?

თეთრი ოქროც, ჩვეულებრივ, 585 ან 750 სინჯისაა. თეთრ ფერს მას პალადიუმი ან ნიკელი აძლევს, ხშირად — როდიუმის საფარიც. ფასი ყვითელი ოქროს მსგავსად, სინჯით ითვლება.

ყიდის Gold.ge 585 ან 750 სინჯის სამკაულს?

არა. Gold.ge მხოლოდ საინვესტიციო ოქროს ყიდის: 999.9 სინჯის ზოდებს, საინვესტიციო და ისტორიულ ოქროს მონეტებს.

სად ვიყიდოთ

ოქროს დღევანდელი ფასი ნახეთ ფასის გვერდზე. ზოდები და მონეტები შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ ან ჩვენს მაღაზიებში: გალერეა თბილისში (რუსთაველის გამზ. 2/4) და რედისონ ბლუ ივერიაში.

ოქროს ფასი დღესზოდები და მონეტებიკონტაქტი